ელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობა
04.07.2025 - ადამიანი და კანონი
ელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობა
თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს ადამიანის ცხოვრებაზე, მათ შორის სამართლებრივ ურთიერთობებზეც.
აღნიშნულის გათვალისწინებით, თანამედროვე კერძო სამართალში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ხელშეკრულების ელექტრონულად გაფორმება, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით.
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ სწორედ ელექტრონული ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხებზე, კერძოდ შევაფასებთ ელექტრონული ხელშეკრულების იურიდიულ ბუნებას საქართველოს კანონმდებლობის ჭრილში.
ელექტრონული ხელშეკრულების შესახებ ძირითადი რეგულაციები ორ სამართლებრივ აქტშია მოცემული: სამოქალაქო კოდექსსა და ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონში.
სამოქალაქო კოდექსის რეგულაციები ხელშეკრულების ფორმის შესახებ
ნებისმიერი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამდენად, ზოგადი წესის თანახმად ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.
თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფორმადაუცველი ხელშეკრულება არის ბათილი.
ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
ზოგადად ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.წერილობითი ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.